logo
ENG



"შეჩერდეს რეორგანიზაცია" - რა მოთხოვნები აქვთ კინოცენტრის თანამშრომლებს

12 ივნ 202314:18
3 წუთის საკითხავი
 

კინოცენტრის თანამშრომელი, დავით დავითიანი ფორმულასთან კომენტარში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ რეორგანიზაციის გამოცხადებას "დასჯას" უწოდებს და აღნიშნავს, რომ თანამშრომლები ამ პროცესის შეჩერებას მოითხოვენ.

"ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები, ახლა, ამ მოცემულობაში არის სიტუაცია, რომ დაინიშნა სრულიად ბუნდოვნად ადამიანი, რომელსაც კინოსთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენი მოთხოვნა, ამ შემთხვევაში, არის კონკრეტული - უნდა შეჩერდეს რეორგანიზაცია, რომელიც გამოცხადებულია გაურკვეველი მოტივებით და დასჯას ჰგავს ეს ყველაფერი. როცა გაჩერდება რეორგანიზაცია, უნდა აირჩეს ახალი დირექტორი, არა მოვალეობის შემსრულებელი, არამედ სექტორის და კინო პროფესიონალების მიერ არჩეული, დამოუკიდებლად, გამჭვირვალედ არჩეული.

შემდეგ, ვისთანაც გვექნება ჩვენ გარკვეული ნდობა, ის თუ გადაწყვეტს, რომ უნდა ჩატარდეს კინოცენტრში რეორგანიზაცია და ყველა ამ სექტორის წარმომადგენლის ნდობით ისარგებლებს, კი ბატონო, ჩვენ თანახმა ვართ ამ რეორგანიზაციასა და ამ პროცესებში მივიღოთ მონაწილეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის რაღაც გაურკვეველი ფარსი", - განაცხადა მან.

კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.

მისი თქმით, წულუკიანმა რეორგანიზაცია დაიწყო, კინოცენტრის დებულებაში ცვლილებები შეიტანა, ხოლო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დანიშნა - ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.

კობა ხუბუნაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საფინანსო საკითხებში ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი იყო. 

მოგვიანებით მან ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კინოცენტრის თანამშრომლებს ოფისმენეჯერად პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტის, ბაჩო ოდიშარიას დანიშვნის ბრძანება დაუმალეს.


close დახურვა